ა/წ 7 სექტემბერს გარდაიცვალა იოსებ (სოსო) გოგოძე – ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი, ასოციაცია ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის (ESIDG) წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (ინსტიტუტი ტექინფორმი) და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (მართვის სისტემების ინსტიტუტი), საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოებისა და საქართველოს სტატისტიკოსთა საზოგადოების წევრი.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისა და მოსკოვის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში დისერტაციის წარმატებით დაცვის (თემა „ელიფსურ სისტემათა ოპტიმიზაცია“) შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში მეცნიერ მუშაკად. მისი სამეცნიერო ინტერესებისა და საქმიანობის ძირითადი სფეროა ოპტიმალური მართვის თეორია, მათემატიკური მოდელირება, მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური სტატისტიკა, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევები. იგი ავტორია მონოგრაფიის, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 2 საავტორო მოწმობის.

1991-1996 წლებში მუშაობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის კომიტეტის (ახლანდელი საქსტატი) თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, შემდეგ კი – თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა ქვეყნის სტატისტიკური სისტემის ძირეული რეორგანიზაცია და საერთაშორისო სტატისტიკური სტანდარტების დანერგვა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო სტატისტიკის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლებას და დააჩქარა ქვეყნის გაწევრიანება მთელ რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

1996-2006 წლებში იგი კერძო კვლევითი ორგანიზაციის – შპს „კონიუნქტურის კვლევის ცენტრის“ დირექტორია, სადაც მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა 25 მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც საქართველოს, ისე უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით და/ან გრანტებით. 2006 წლიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, იგი ეწეოდა აქტიურ საკონსულტაციო მუშაობას საქართველოს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარების თემატიკაზე.

ESIDG თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ბატონი სოსო გოგოძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ მის ოჯახს.